"მამაჩემს უყვიროდა, დაცვა გამოიძახა“ - რა მოხდა ლეგენდარული ფრიდონ სულაბერიძესა და ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძის შეხვედრისას კულტურის სამინისტროში.

ქართული ქორეოგრაფიის ცოცხალი ლეგენდა, საქართველოს სახალხო არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფრიდონ სულაბერიძე 24 ოქტომბერს 85 წლის ხდება. თუმცა საიუბილეო თარიღის მოახლოებას ანსამბლ „რუსთავის“ გარშემო მწვავე დაპირისპირება და სულაბერიძის ოჯახის მძიმე ბრალდებები ახლავს.

"INewsLine.ge"-სთვის ცნობილი ხდება ახალი დაპირისპირების შესახებ, რომლის ცენტრშიც კულტურის ყოფილი მინისტრი თინათინ (თიკა) რუხაძე და ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი ია მაქაცარია აღმოჩნდნენ.

ფრიდონ სულაბერიძის შვილი, ფრიდონ სულაბერიძე უმცროსი, მამისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაზე საუბრობს და სკანდალური შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს.

მისი მონათხრობის მიხედვით, კულტურის ყოფილ მინისტრთან შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დასრულდა.

„მამაჩემს და ჩემს ძმას უყვიროდა, გამოიძახა დაცვა და ფრიდონმა და ჩემმა ძმამ კაბინეტი შეურაცხყოფილებმა სასწრაფო წესით დატოვეს“, - აცხადებს სულაბერიძე უმცროსი.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი ია მაქაცარიაც ესწრებოდა, რომელსაც ყოფილი მინისტრის მეგობრად მოიხსენიებს.

კულტურის მინისტრის ყვირლი და "კივილი", როგორც უმცროსი სულაბერიძე ამბობს კონკრეტული ქორეოგრაფის წარდგენას მოჰყვა, რომელიც სუხუშვილების ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე და ცნობილი პიროვნებაა.

---

ნახევარი საუკუნე „რუსთავის“ სამსახურში - ვინ არის ფრიდონ სულაბერიძე?

ფრიდონ სულაბერიძის სახელი ქართული ეროვნული ცეკვის ისტორიას განუყოფლად უკავშირდება. მისი შემოქმედებითი გზა ათწლეულებს ითვლის, ხოლო ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილი სახელმწიფო ჯილდოებითა და პროფესიული აღიარებით არის დადასტურებული.

ჯერ კიდევ 1959 წელს მან ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება მოიპოვა. 1960 წელს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში ჩაირიცხა და მალევე წამყვანი სოლისტი გახდა.

მისი შესრულებით განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ცეკვებმა „აჭარული“, „ქართული“ და „ძველი თბილისის სურათები“.

1975 წლიდან სულაბერიძე ანსამბლ „რუსთავის“ ქორეოგრაფი გახდა, 1980 წლიდან კი მთავარი ქორეოგრაფის პოზიცია დაიკავა. მის სახელს უკავშირდება ანსამბლის შემოქმედებითი განვითარებისა და ქართული ცეკვის საერთაშორისო პოპულარიზაციის მრავალწლიანი ისტორია.

ფრიდონ სულაბერიძემ გასტროლებით მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა მოიარა.

მისი დამსახურებების აღიარებაა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია და თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი. 2011 წელს კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქართული ცეკვის განვითარებასა და ანსამბლ „რუსთავის“ წარმატებას მიუძღვნა.

„85 წლის იუბილეს ვუხდით, დირექტორს კი მამა არც უნახავს“ - შვილის მწვავე განცხადება
სულაბერიძე უმცროსის პრეტენზიები მხოლოდ კულტურის ყოფილ მინისტრთან მომხდარ ინციდენტს არ უკავშირდება.

ის ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელობის დამოკიდებულებასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ია მაქაცარიას დირექტორად დანიშვნის შემდეგ მამამისთან ურთიერთობა პრაქტიკულად არ ჰქონია.

„24 ოქტომბერს მამას 85 წლის იუბილეს ვუხდით. მისი დანიშვნის დღიდან მამა არც კი უნახავს, არც კი შეხმიანებია. ანსამბლში კონსულტანტის პოზიცია მისცეს სამადლოდ. სასაცილოა ეს ყველაფერი და სირცხვილი“, - აცხადებს ფრიდონ სულაბერიძე უმცროსი.

რაც შეეხება ფრიდონ სულაბერიძე უმცროსს, ის აცხადებს, რომ თავად ანსამბლი „რუსთავი“ უკვე დიდი ხანია დატოვა.

რედაქციის შენიშვნა: სტატიაში აღწერილი შეხვედრის გარემოებები და ხელმძღვანელი პირების მისამართით გამოთქმული ბრალდებები ფრიდონ სულაბერიძე უმცროსის განცხადებას ეფუძნება.

დასახელებული პირების პასუხები ამ დროისთვის წარმოდგენილი არ არის. "INewsLine.ge" მზად არის გამოაქვეყნოს მათი განმარტებები.