2025 წლის აპრილში მთავრობამ ახალი უწყება შექმნა. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს არსებობიდან დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ კი პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააგენტო უკვე „მილევად რეჟიმშია“ და 2026 წლის ბოლომდე დაიხურება.
სააგენტოსთვის მხოლოდ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 1 650 000 ლარია გათვალისწინებული. აქედან 1 624 000 ლარი ხარჯებზე მოდის, ხოლო 1 122 000 ლარი 16 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებისთვისაა განსაზღვრული. კიდევ 26 000 ლარი არაფინანსური აქტივებისთვის არის გამოყოფილი.
ეს ყველაფერი იმ უწყებაში, რომელიც მთავრობამ 2025 წლის აპრილში სპეციალურად შექმნა, ახლა კი, დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, დახურვისთვის ემზადება.
სააგენტოს შექმნის ოფიციალურ მიზნად საქართველოში რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო გრანტებით მხარდაჭერა განისაზღვრა. თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად უნდა გაცემულიყო.
სააგენტომ 2025 წლის ივლისში მცირე გრანტების საჯარო კონკურსი გამოაცხადა. რამდენიმე თვის შემდეგ გამარჯვებულად 17 ორგანიზაცია დასახელდა, რომელთა პროექტების საერთო ბიუჯეტმა 1 657 775 ლარი შეადგინა.
დაფინანსებული პროექტების დიდი ნაწილი დაახლოებით 100 000 ლარიანი გრანტი იყო. მათ შორის მოხვდა სოციალური მომსახურების, პოზიტიური მშობლობის, შშმ პირთა მხარდაჭერის, გარემოს დაცვის, დემოგრაფიის, ინკლუზიური ჭადრაკის, დემენციის ეროვნული პროგრამის, განათლებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის, ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების, ახალგაზრდული პროექტებისა და სხვა მიმართულებების ინიციატივები.
სააგენტოს შექმნას წინ უძღოდა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რის შედეგადაც უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში გრანტების გაცემას მთავრობის თანხმობა დაუკავშირდა. სწორედ ამ პერიოდში მთავრობამ სახელმწიფო გრანტების სააგენტო შექმნა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების ახალი მექანიზმი აამოქმედა.
ცალკე შეიქმნა პროგრამა „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაც“, რომლისთვისაც თავდაპირველად 20 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. მოგვიანებით ბიუჯეტი დაკორექტირდა და პროგრამის მოცულობა 2 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ახლა კი უწყება, რომლის შექმნაც სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის ახალ სისტემად იყო წარმოდგენილი, არსებობას წყვეტს.
პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო „მილევად რეჟიმშია“ და წლის ბოლომდე დაიხურება. მან ამავე განცხადებისას არასამთავრობო ორგანიზაციებს „ხელოვნური ფენომენი“ უწოდა და მათი შექმნა უცხოურ პოლიტიკურ ინტერვენციას დაუკავშირა.
შედეგად, 2025 წლის აპრილში შექმნილი სააგენტო, რომელმაც 17 ორგანიზაციისთვის 1 657 775 ლარის პროექტები დააფინანსა და რომელსაც მხოლოდ 2026 წლის ბიუჯეტში საკუთარი საქმიანობისთვის 1 650 000 ლარი განესაზღვრა, წლის ბოლომდე უნდა გაუქმდეს.