ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა 3 ნოემბერს, მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა და მდინარე რიონში აღმოჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ მყვინთავ-მაშველები, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცველები. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ავტომობილისა და მასში მყოფი ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მდინარეში ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია იმავე საღამოს დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.