4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერსს, ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მსჯავრდებულმა ბრალად წარდგენილი ქმედებები აღიარა, მოინანია და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

შეთანხმების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.

ზურაბ ჭავჭანიძისა და ანტონ ვარდანიძის საქმეზე სასამართლოს მანამდე თითოეული მათგანისთვის ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჭავჭანიძის საპროცესო შეთანხმების პირობები ერთ წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთას და ორწლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს.

შეთანხმების საბოლოოდ ამოქმედებისთვის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებაა საჭირო.

საქმე 4 ოქტომბერს თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. გამოძიება მონაწილეთა ნაწილს ჯგუფურ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებოდა.

აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე პირს საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდა.

2 ნოემბრის ცნობებით, შეთანხმების გაფორმება კიდევ სამი მსჯავრდებულის მიმართ იგეგმება.