ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. პროკურატურის გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა, რის შედეგადაც მიქაუტაძეს თავდაპირველად შეფარდებული 10-წლიანი პატიმრობის ნაცვლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია და აანაზღაურა მიყენებული ზიანი. სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიმართა პროკურატურამ სასამართლოს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობით.
შეთანხმების პირობებით, მიქაუტაძეს 1 მილიონი ლარის ჯარიმაც დაეკისრა და 3 წლით აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავება.
ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ მას ჩამოერთვა 5,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება, მათ შორის ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე ბინა, წეროვანის აგარაკი, ძვირადღირებული ავტომობილები, საათები, ოქროს ზოდები და ბიზნესწილი.
რა ქონება ჩამოერთვა რომეო მიქაუტაძეს?
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალი ასეთია:
ქონება ღირებულება
ბინა მადრიდში 1 882 168 ლარი
აგარაკი წეროვანში 372 720 ლარი
„ნახიდური ჰესის“ 15%-იანი წილი 1 577 306 ლარი
Mercedes-Benz G 63 AMG 510 000 ლარი
Land Rover Range Rover 350 000 ლარი
Lexus ES 250 100 000 ლარი
4 ძვირადღირებული საათი 630 110 ლარი
ოქროს ზოდები 99 504 ლარი
მონეტები 19 770 ლარი
სულ 5 541 578 ლარი
გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული 114 658,08 ლარის ზიანი.
რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უფლებამოსილების გადამეტების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს. 2026 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი საპროცესო შეთანხმებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი მნიშვნელოვნად შეიცვალა.