თბილისში, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 000 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, შეზღუდვა 31 ოქტომბერს, 21:00 საათზე დაიწყება და მთაწმინდისა და ძველი თბილისის რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე კომერციულ და სახელმწიფო ობიექტებს შეეხება.

გაზმომარაგება დროებით შეწყდება რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის, ჭონქაძის, გოგებაშვილის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილების, კოსტავას, ჩიტაძის, მაჩაბლის, ასათიანის, ინგოროყვას, აბაშიძის, ბარნოვის, მთაწმინდისა და მიმდებარე ქუჩების ნაწილზე.

შეზღუდვა შეეხება არაერთ სახელმწიფო დაწესებულებასაც, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უზენაეს სასამართლოს, თბილისის საკრებულოსა და იტალიის საელჩოს. გაზის მიწოდება შეუწყდება რამდენიმე სკოლას, სასტუმროსა და კომერციულ ობიექტსაც.

როდის აღდგება გაზმომარაგება?

კომპანიის განცხადებით, გაზის მიწოდების აღდგენა 1 ნოემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე ეტაპობრივად დასრულდება.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, უსაფრთხოების მიზნით არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

გაზის სუნის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 2 40 40 04

შეზღუდვის ქვეშ მოქცეული მისამართების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.