თბილისში პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქეს ოქროს ნაკეთობები მოტყუებით გამოართვა, მათი გაყიდვის შემდეგ კი მიღებული თანხა მიითვისა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, რომ ოქროს ნაკეთობებს გაყიდდა და მიღებულ თანხას ერთი თვის განმავლობაში გადაუხდიდა.

თუმცა, სამართალდამცველების ინფორმაციით, ოქროს რეალიზაციის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და 102 300 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.