ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესს ცვლის. ცვლილება ძირითადად იმ ადამიანებს შეეხება, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 500-დან 2 500 ლარამდეა.
ამჟამად 25%-იანი შეზღუდვა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლებზე ვრცელდება. 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ეს ზღვარი 2 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 1-ელი სექტემბრიდან - 2 500 ლარამდე.
მარტივად რომ ვთქვათ, ბანკები სესხის გაცემისას უფრო მკაცრად შეაფასებენ, რამდენის გადახდა შეუძლია ადამიანს ყოველთვიურად. ეს არ ნიშნავს, რომ 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირი სესხს ვეღარ აიღებს - შესაძლოა შეეზღუდოს იმ სესხის მოცულობა, რომლის ყოველთვიური გადასახადიც მის შემოსავალთან შედარებით მაღალია.
ეროვნული ბანკი ცვლილებას ბოლო წლებში ხელფასების ზრდით ხსნის და აცხადებს, რომ მიზანი მოქალაქეების ჭარბვალიანობის რისკის შემცირებაა.