ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო რუსეთის ირკუტსკის ოლქში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდება, მას შემდეგ, რაც რეგიონში განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების სავარაუდო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ყაზახეთში პრევენციული ზომები უკვე გააძლიერეს -სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სანიტარული და საკარანტინო კონტროლი მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსულ მგზავრებს შორის ამ დროისთვის მაღალი ტემპერატურის ან საშიში ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევები არ გამოვლენილა.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკს წინასწარი შეფასებით დაბლად მიიჩნევს.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყირგიზეთმა და უზბეკეთმაც.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მედიაში დაიწერა, რომ 2 ოქტომბერს ირკუტსკის ოლქში 28 წლის ლაბორანტი სავარაუდოდ ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. რუსეთის „როსპოტრებნადზორი“ ამ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზად დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონია სახელდება. უწყების განცხადებით, ლაბორატორიაში პათოგენებთან დაკავშირებული ავარიაც არ დაფიქსირებულა.