რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომლის გარდაცვალება მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პათოგენს არ გამოუწვევია. თუმცა შემთხვევის გარშემო კითხვები კვლავ რჩება: ათობით თანამშრომელი იზოლაციაში მოათავსეს, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

რეგიონული მედიასაშუალებები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ დარია შიპილოვა შესაძლოა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაინფიცირებულიყო. რუსეთის ოფიციალური უწყებები ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინსტიტუტში პათოგენურ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული ავარია არ დაფიქსირებულა.

„როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, გარდაცვლილის ბიოლოგიურ მასალაში მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმი არ აღმოჩნდა. მასთან კონტაქტში მყოფ პირებს შორის კი COVID-19-ის ორი და რინოვირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა.

მიუხედავად ამისა, ინსტიტუტის 60-ზე მეტი თანამშრომელი შენობაში იზოლაციაში მოათავსეს. შეზღუდვები შეეხო ირკუტსკისა და შელეხოვის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებასაც.

დამატებითი კითხვები გამოიწვია ოფიციალური პირების ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმაც. ბურიატიის ხელმძღვანელმა ალექსეი ციდენოვმა თავდაპირველად შავი ჭირი ახსენა, მოგვიანებით კი განცხადება დააზუსტა. გავრცელებული ცნობებით, რეგიონული ხელისუფლების ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნებული გაფრთხილებაც მოგვიანებით წაიშალა.

ირკუტსკის ოლქის გუბერნატორის, იგორ კობზევის განცხადებით, სპეციალურმა კომისიამ გარდაცვალების მიზეზად „უცნობი ეტიმოლოგიის პნევმონია“ დაასახელა და რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურად შეაფასა.

კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ჟურნალისტებს მოუწოდებს, დაეყრდნონ „როსპოტრებნადზორის“ ოფიციალურ ინფორმაციას და არა გავრცელებულ ვარაუდებს.

ამ დროისთვის ერთ-ერთი მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება: თუ შავი ჭირი და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პათოგენი არ გამოვლენილა, რატომ გახდა საჭირო ათობით ადამიანის იზოლაცია და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში შეზღუდვების დაწესება? რუსეთის შესაბამის უწყებებს ამ ზომების აუცილებლობის შესახებ სრული საჯარო განმარტება ჯერ არ გაუკეთებიათ.