მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ყოფილი პიონერთა სასახლის, რეაბილიტაციაზე გაწეული ხარჯები შესწავლის საგანი გახდა. არსებული ინფორმაციით, აუდიტი პროექტთან დაკავშირებულ ფინანსურ დოკუმენტაციასა და გაწეულ ხარჯებს ამოწმებს.
ეროვნული სასახლის მასშტაბური რეაბილიტაცია "თბილისის განვითარების ფონდმა" 2020 წელს დაიწყო. ფონდის ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოები კომპანია „ინსმა“ შეასრულა, ხოლო პროექტის საერთო ღირებულებამ 56 428 251 ლარი შეადგინა.
რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა შენობის სხვადასხვა ნაწილის აღდგენა და სარესტავრაციო სამუშაოები. თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, მათ შორის განხორციელდა მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების კონსერვაცია-რესტავრაცია, ეზოს კეთილმოწყობა, ხოლო ე.წ. სარკეებიან დარბაზში კარებისა და დარაბების აღდგენა.
ეროვნული სასახლის რეაბილიტაციისთვის დახარჯული თანხების საკითხი ბოლო პერიოდში საჯარო განხილვის საგანიც გახდა. 16 სექტემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თიკა რუხაძის ხელმძღვანელობის პერიოდში სასახლის რემონტზე გაწეული ხარჯების გასაჯაროება მოითხოვა.
თიკა რუხაძე წლების განმავლობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი იყო.
iNewsLine აგრძელებს ინფორმაციის გადამოწმებას და აუდიტის შედეგების ან დამატებითი ოფიციალური დეტალების გასაჯაროების შემთხვევაში მასალა განახლდება.