2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ზოდელავამ განაცხადა, რომ სხვა მსჯავრდებულებსაც არაერთხელ მოუწოდებდა საპროცესო შეთანხმებით ესარგებლათ. მისი თქმით, პასუხისმგებლობას დღემდე გრძნობს იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც აღნიშნული მოვლენების შემდეგ დააკავეს.
საპროცესო შეთანხმება მურთაზ ზოდელავასთან ერთად ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიასაც გაუფორმდათ.
შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს სასჯელი 3 წლითა და 1 თვით განესაზღვრა, საიდანაც 1 წელი და 1 თვე რეალური პატიმრობაა, ხოლო დარჩენილი 2 წელი პირობით სასჯელად ჩაითვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებს, ირაკლი ჩხვირკვია - 6 ნოემბერს, ხოლო გური ჟვანია - 16 ნოემბერს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი განაჩენით, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით, ხოლო ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.