რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში მყოფი უცხოელი დიპლომატები და უცხო ქვეყნების სხვა მოქალაქეები 3 ოქტომბერს „გააფრთხილა“, რომ რუსეთის ჯარები გააგრძელებენ „მასირებულ დარტყმებს“ კიევსა და სხვა ქალაქებში მდებარე „სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე“ და „შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვისგანაც ეს გაფრთხილება იგნორირებულია“.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოები რუსეთის „გაფრთხილების“ მიუხედავად არ აპირებენ დატოვონ უკრაინის დედაქალაქი კიევი.
ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ნიდერლანდის, ფინეთის, შვედეთის, ავსტრიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ლატვიის და ლიეტუვის საელჩოებმა კი 4-5 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში თავიანთ გვერდებზე გამოაქვეყნეს ერთნაირი შინაარსის განცხადება, რომ მხედველობაში შეშფოთებით მიიღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუქარა უკრაინაში დიპლომატებისა და უცხოეთის მოქალაქეების მიმართ.
საელჩოები რუსეთს შეახსენებენ, რომ ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ვენის კონვენცია და აცხადებენ, რომ კიევში რჩებიან. ვენის კონვენციით, საელჩოები ხელშეუხებელი არიან და მათზე თავდასხმა კატეგორიულად აკრძალულია.