2026 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.2%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ტურიზმის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა.

საქართველომ და აზერბაიჯანმა სარკინიგზო მიმოსვლა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 2026 წლის 26 მაისს განაახლეს. მატარებლები ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობენ.

კვლევის თანახმად, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების საერთო რაოდენობა 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონს მიაღწია. აქედან ტურისტულმა ვიზიტებმა რეკორდული 2.1 მილიონი შეადგინა.

ამავე პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

აზერბაიჯანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები კი წლიურად 18.6%-ით გაიზარდა.

Galt & Taggart-ის შეფასებით, სარკინიგზო კავშირის აღდგენა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის გადაადგილების გამარტივებას და საქართველოს ტურისტული ბაზრის განვითარებას.