მოლდოვაში მასშტაბური კიბერშეტევის შედეგად დაახლოებით 750 000 მოქალაქის პირადი მონაცემები უკანონოდ მოიპოვეს. ეს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედია.
მოლდოვის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, თავდასხმა 23-დან 27 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. ჰაკერებმა სახელმწიფო ელექტრონულ სისტემებზე წვდომის დაახლოებით 11 მილიონი მცდელობა განახორციელეს.
კიბერშეტევის შემდეგ ხელისუფლებამ უსაფრთხოების შემოწმება 82 სახელმწიფო ციფრულ სერვისში დაიწყო. რისკების შესამცირებლად დროებით გაითიშა 30-ზე მეტი საინფორმაციო სისტემა და ადმინისტრაციული პანელი.
მოპოვებულ მონაცემებს შორის შესაძლოა იყოს მოქალაქეების სახელები, გვარები, პირადი ნომრები, დაბადების თარიღები, ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია, ჯანმრთელობის დაზღვევის სტატუსი, საპენსიო მონაცემები და ფინანსური ინფორმაცია.
ხელისუფლების განმარტებით, 750 000 ადამიანის ყველა მონაცემი არ გაჟონილა. ეს რიცხვი აღნიშნავს იმ პირად საიდენტიფიკაციო ნომრებს, რომლებთან დაკავშირებული სულ მცირე ერთი მონაცემი უკანონოდ მოიპოვეს.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ვასილე ტოფანმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება თავდასხმაში უცხო სახელმწიფოების შესაძლო მონაწილეობის დასადგენად. ამ ეტაპზე კონკრეტული ქვეყნის პასუხისმგებლობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
სახელმწიფო უწყებების ცნობით, მონაცემების უკანონო მოპოვება 27 ოქტომბერს შეჩერდა. მოგვიანებით დაფიქსირებული დამატებითი შეტევების მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოპარული ინფორმაცია შესაძლოა თაღლითური ზარებისა და შეტყობინებებისთვის გამოიყენონ