აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პერსონალის მონაცემთა სისტემაში უსაფრთხოების მასშტაბური დარღვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც 3 მილიონზე მეტი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი არაავტორიზებული პირებისთვის.

ABC News-ის ინფორმაციით, შემთხვევა თავდაცვის დეპარტამენტის Defense Manpower Data Center-ის (DMDC) საინფორმაციო სისტემას უკავშირდება. ინციდენტმა 2.76 მილიონი ცოცხალი და კიდევ 294 ათასი გარდაცვლილი პირის მონაცემები მოიცვა.

გაჟონილ ინფორმაციას შორის იყო სოციალური უსაფრთხოების ნომრები და სამხედრო თუ სამოქალაქო თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემები. სხვა წყაროების თანახმად, ცალკეულ ჩანაწერებში შესაძლოა ყოფილიყო სახელები, დაბადების თარიღები და საკონტაქტო ინფორმაციაც.

პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, სისტემაზე არაავტორიზებული წვდომა 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის ივლისამდე მიმდინარეობდა. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ უსაფრთხოების ხარვეზი აღმოიფხვრა.

DMDC პენტაგონის პერსონალის მონაცემების ერთ-ერთი მთავარი საცავია და სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტების, სამოქალაქო თანამშრომლების, კონტრაქტორების, ვეტერანებისა და სამხედროების ოჯახის წევრების შესახებ 60 მილიონზე მეტ ჩანაწერს ინახავს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ გაჟონილი პერსონალური ინფორმაცია ბოროტად გამოიყენეს. დაზარალებულ პირებს მონაცემთა დაცვისა და საკრედიტო მონიტორინგის სერვისებს სთავაზობენ.