ავსტრალიაში ტელეჟურნალისტმა უილ მიურეიმ წყალდიდობის დროს ავტომობილში ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინა. შემთხვევა 22 ოქტომბერს, ქუინსლენდის შტატში, ქალაქ ბრისბენის ჩრდილოეთით, მორეიფილდის რაიონში მოხდა.
ავსტრალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ABC-ის ჟურნალისტი წყალდიდობის შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა, როდესაც დაინახა, როგორ შევიდა მაღალი გამავლობის ავტომობილი დატბორილ გზაზე. მანქანა მოულოდნელად გაჩერდა და ჩაძირვა დაიწყო.
ჟურნალისტი და შემთხვევის ადგილზე მყოფი დენიელ ჰეინი ავტომობილთან მივიდნენ და მძღოლი წყლიდან გამოიყვანეს. რამდენიმე წამში მანქანა მთლიანად დაიფარა წყლით.
23 ოქტომბერს Reuters-თან საუბრისას მიურეიმ მომხდარი გაიხსენა და განაცხადა, რომ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტი იყო.
მამაკაცის გადარჩენის შემდეგ ჟურნალისტი და მძღოლი ერთმანეთს გადაეხვივნენ.
ძლიერი წვიმის შედეგად ქუინსლენდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობა განვითარდა. ზოგიერთ რაიონში ნალექის რაოდენობამ 200 მილიმეტრს გადააჭარბა, დაიტბორა გზები და შეფერხდა სასწავლო დაწესებულებების მუშაობა.