სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა და მისი საქმიანობა შეაჩერა.
შემოწმებისას გაირკვა, რომ მეწარმე ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.
ინსპექტორებმა საწარმოში სურსათის უვნებლობის მოთხოვნების სერიოზული დარღვევებიც აღმოაჩინეს. მათ შორის იყო ტექნოლოგიური წესების დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც სააგენტომ დალუქა და გასანადგურებლად მოამზადა.
დადგინდა ისიც, რომ საწარმოში პროდუქციის ეტიკეტირების წესები არ იყო დაცული.
გამოვლენილი დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა, საწარმოს კი მუშაობის გაგრძელება აეკრძალა.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ არალეგალური საწარმოების შემოწმება ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.