რუსეთის არმიამ 21 ოქტომბრის საღამოსა და 22 ოქტომბრის ღამით უკრაინის დედაქალაქზე რამდენიმე სარაკეტო იერიში მიიტანა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დილის 09:00 საათის მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულია სულ მცირე 24, მათ შორის ოთხი ბავშვი. 16 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაბომბვის შედეგად ხანძრები გაჩნდა და შენობები დაზიანდა დედაქალაქის ექვს რაიონში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა საცხოვრებელი სახლები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური. დაზიანდა ექვსი სასწრაფო დახმარების ავტომობილი. სამხრეთის ხიდზე მეტროს ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ქვეყნის წინააღმდეგ კომბინირებული შეტევა განახორციელა, რაკეტებთან ერთად გამოიყენა 210 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ მათგან 181 ჩამოაგდო ან ელექტრონული საშუალებებით გააუვნებლა. შეტევის მთავარი მიმართულება კიევი იყო. რუსეთის დარტყმების სამიზნე გახდა უკრაინის სხვა რეგიონებიც, მათ შორის ხარკოვის, ვინიცისა და პოლტავის ოლქები.
დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიგა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ ვლადიმირ პუტინის „ჰუმანისტად“ მოხსენიება გაიხსენა: „ამ ღამით კიეველებმა გაიგონეს, სინამდვილეში როგორ ჟღერს რუსული „ჰუმანიზმი“. დაშოშმინება, მორჩილება და პირფერობა ამ ომს ვერ შეაჩერებს. მისი შეჩერება მხოლოდ ძალას შეუძლია“, - განაცხადა სიბიგამ.