ღაზის სექტორში 22 ოქტომბერს ისრაელის სამხედროების მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებსა და სროლას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

Reuters-ის ინფორმაციით, ადგილობრივ სამედიცინო სამსახურებზე დაყრდნობით, შემთხვევები ღაზის ქალაქში, ხან-იუნისში, ნუსეირათისა და ჯაბალიის მიმდებარე ტერიტორიებზე მოხდა.

ღაზის ქალაქში საჰაერო დარტყმის შედეგად ავტომობილი დაზიანდა და ერთი ადამიანი დაიღუპა. ხან-იუნისში თავდასხმას მოტოციკლით მოძრავი მამაკაცი ემსხვერპლა, ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკთან კი კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.

ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯაბალიის მახლობლად, სროლის შედეგად ქალი დაიღუპა.

ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ღაზის ქალაქში, ხან-იუნისსა და ნუსეირათში „ჰამასის“ წევრების წინააღმდეგ ოპერაციები ჩაატარეს. ამასთან, განაცხადეს, რომ ჯაბალიაში მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

თავდასხმები ღაზაში მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე მოხდა. ისრაელი „ჰამასს“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, ხოლო „ჰამასი“ ბრალდებებს უარყოფს და ისრაელს სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს.

ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ღაზაში სულ მცირე 1 500 პალესტინელი დაიღუპა.