რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 74 წლის ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში 2022 წლიდან პატიმრობაში იმყოფებოდა, გაათავისუფლეს.
Reuters-ის ინფორმაციით, განცხადება 21 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრის დროს გაკეთდა. პუტინის თქმით, გათავისუფლებული ამერიკელი უკვე სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში იმყოფებოდა.
სტივენ ჰაბარდი, პროფესიით პენსიაზე გასული მასწავლებელი, 2022 წლის აპრილში უკრაინის ქალაქ იზიუმში დააკავეს. რუსეთის ხელისუფლება მას უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობაში ადანაშაულებდა. 2024 წელს რუსეთის სასამართლომ მას თითქმის შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ჰაბარდის ამერიკელი ადვოკატი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობდა.
ვაშინგტონს ჰაბარდი უკანონოდ დაკავებულ ამერიკის მოქალაქედ ჰქონდა აღიარებული.
მისი გათავისუფლება რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზე მოხდა. პუტინისა და უიტკოფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობებია.
ამერიკელმა წარმომადგენელმა რუსეთის პრეზიდენტს ჰაბარდის გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.
გათავისუფლების ზუსტი პირობების შესახებ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.