თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელებისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა იმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
პარტიის პრესსამსახურმა სხდომის ამსახველი კადრები გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ შედის ივანიშვილი დარბაზში, ესალმება დეპუტატებს და საკუთარ ადგილს იკავებს.
გავრცელებული კადრების მიხედვით, შეხვედრაში მონაწილეობენ ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კირცხალია. სხდომას ესწრებიან მინისტრები და დეპუტატები, მათ შორის მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და თეა წულუკიანი.
ირაკლი კობახიძის წინასწარი განცხადებით, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური საკითხების განხილვაა დაგეგმილი. მისი თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.