საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნა. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქვრივიშვილს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობასთან ერთად ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება.
კობახიძემ გადაწყვეტილება ეკონომიკური მიმართულების გაძლიერებას დაუკავშირა და მარიამ ქვრივიშვილს ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვა.
მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2025 წლის 24 ივნისიდან იკავებს. მანამდე ის ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილე იყო.
ვიცე-პრემიერის სტატუსი ასევე აქვთ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს.