დუშეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცი დაშავდა. პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ერთ პირს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გასაწევად კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შსს-ს ცნობით, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.