4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული გიორგი კირვალიძე კვლავ დააკავეს. ამჯერად მას მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებიან.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, კირვალიძეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილებას კირვალიძის პროტესტი მოჰყვა. მან მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადმინისტრაციული პატიმრობის დასრულებისა და იზოლატორის დატოვების შემდეგ კი ის ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, დაკავების საფუძველი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილია, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით.
გიორგი კირვალიძე მანამდე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე იყო დაკავებული. მას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული, თუმცა სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ პროკურატურამ შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმე საქალაქო სასამართლოში დააბრუნა. ამ საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა.
კირვალიძის ადვოკატის პოზიციით, საპროცესო შეთანხმების გაუქმების რეალური მიზეზი მისი კლიენტის მიერ გაკეთებული პოლიტიკური შინაარსის განცხადება იყო.
გიორგი კირვალიძემ პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ, 9-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.