„მაშინ დაიჭირეთ ნანუკა ჟორჟოლიანი და თეონა ბაღდავაძეც“: ელისო კილაძის რეპლიკა სასამართლო პროცესზე...
ელისო კილაძემ მისი საქმის სასამართლო განხილვისას ნანუკა ჟორჟოლიანი და თეონა ბაღდავაძე ახსენა. კილაძის განცხადებას წინ უძღოდა მოწმის, თ. ჯ.-ს ჩვენება, რომელიც სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაიკითხა.
პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოწმის ჩვენება შეეხებოდა თანხებს, რომელთა თაღლითურად მიღებასაც პროკურატურა ელისო კილაძეს ედავება.
მოწმის განცხადებით, კილაძეს თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გადაეცემოდა. მისი შეფასებით, ეს იყო ე.წ. "ქოლცენტრების" „შავი ფული“.
„დიახ, ფულს ხელზე გაძლევდით. ეს იყო შავი ფული“, განაცხადა მოწმემ სასამართლოში.
სწორედ ამ ჩვენებას მოჰყვა ელისო კილაძის ხმამაღალი რეპლიკა. მან ნანუკა ჟორჟოლიანი და თეონა ბაღდავაძე ახსენა და პროკურორსა და მოსამართლეს მიმართა.
- „ფულს ნანუკა ჟორჟოლიანს და თეონა ბაღდავაძესაც ხომ უხდიდით? მაშინ ისინიც დაიჭირეთ, რატომ არ იჭერთ?“ განაცხადა კილაძემ რეპლიკის სახით.
მოწმის პასუხის მიხედვით, ნანუკა ჟორჟოლიანისა და თეონა ბაღდავაძის შემთხვევაში თანხის გადახდის საფუძველი განსხვავებული იყო.
მოწმემ განაცხადა, რომ მათი ბიზნესიდან ერთ ერთი სამშენებლო კომპანია ჟორჟოლიანს და ბაღდავაძეს თანხას ოფიციალურად, ხელშეკრულების საფუძველზე, სარეკლამო მომსახურების სანაცვლოდ უხდიდა. - „ნანუკა ჟორჟოლიანს და თეონა ბაღდავაძეს თანხას ოფიციალურად, კონტრაქტის საფუძველზე, სარეკლამო მომსახურებისთვის ვუხდიდით. შენ კი ქოლცენტრებიდან წილს იღებდი შავი ფულის სახით“, ასეთი იყო მოწმის პასუხის შინაარსი სასამართლოში.
ამგვარად, მოწმის პოზიციით, ჟორჟოლიანისა და ბაღდავაძის მისამართით განხორციელებული გადახდები დოკუმენტირებული სარეკლამო მომსახურების ფარგლებში ხდებოდა, ხოლო კილაძისთვის თანხის გადაცემასთან დაკავშირებით მოწმემ განსხვავებული გარემოებები აღწერა.