საქართველო და უზბეკეთი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავენ. მთავარი მიზანია, უახლოეს პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს.
2025 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 311,5 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, დასახული მიზნის მისაღწევად სავაჭრო ბრუნვა სამჯერ მეტად უნდა გაიზარდოს.
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროექტებია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.
მისივე თქმით, ახალი სარკინიგზო მარშრუტი 2029 წლიდან დაახლოებით 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას შეძლებს, რაც შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის.
საქართველო, თავის მხრივ, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ანაკლიის პორტის პროექტებით სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გაორმაგებას გეგმავს.