55 დაღუპული ორ დღეში - რუსეთმა უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსი და სამგზავრო ავტობუსები დაბომბა, კიევში მეტრო გაჩერდა.

ხუთი დაღუპული ბავშვი, განადგურებული ოჯახები, ცეცხლმოკიდებული სამგზავრო ავტობუსები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უბნები. 7-8 ოქტომბრის რუსულმა თავდასხმებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მხოლოდ პრილუკისა და კრამატორსკში, ბოლო დადასტურებული მონაცემებით, 55 ადამიანი დაიღუპა, 72 კი დაშავდა.

7 ოქტომბერი - პრილუკი: საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში 22 ადამიანი დაიღუპა ტრაგედია 7 ოქტომბერს, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიში დაიწყო. რუსეთის ძალებმა ქალაქს Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს. რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შენობის ერთი სექცია მთლიანად დაინგრა, მეორე კი მძიმედ დაზიანდა. ნანგრევებში ადამიანები აღმოჩნდნენ, მათ შორის ბავშვები. მაშველები 24 საათზე მეტხანს მუშაობდნენ. მათ ნანგრევებიდან 15 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

8 ოქტომბრისთვის დადასტურდა 22 ადამიანის დაღუპვა, მათ შორის ხუთი ბავშვის. დაშავდა კიდევ 54 ადამიანი, რომელთაგან შვიდი ბავშვია. რუსული თავდასხმის შედეგად ქალაქში დაზიანდა 125-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო სახლი, ასევე სკოლები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები და საწარმოები. პრილუკიში ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედ მილიბენდი. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

8 ოქტომბერი - კრამატორსკი: ორი ავტობუსი, 33 დაღუპული მეორე დღეს, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 10 საათზე, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკს შეუტიეს. დარტყმის ეპიცენტრში ორი სამგზავრო ავტობუსი აღმოჩნდა, რომლებსაც იმ დროს მგზავრები გადაჰყავდათ. უკრაინის პროკურატურის წინასწარი მონაცემებით, რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ УМПБ Д-30СН ტიპის მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს. აფეთქების შემდეგ ორივე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თავდაპირველად 12 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ მათი რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, საბოლოოდ კი საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 33 ადამიანის დაღუპვა და 18-ის დაშავება დაადასტურა.

უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო კრამატორსკსა და მეზობელ სლოვიანსკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს.

8 ოქტომბერი, საღამო - კიევი: მეტროს სამივე ხაზი გაჩერდა იმავე საღამოს რუსეთის მორიგმა თავდასხმამ უკრაინის დედაქალაქის ელექტრომომარაგების სისტემაც დააზიანა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროქსელის რამდენიმე ელემენტი, რომლებიც კიევის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფდა. დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგია მომხმარებელთა მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდა.

დაახლოებით 18:20 საათზე ძაბვის ვარდნის გამო კიევის მეტროს სამივე ხაზზე მატარებლების მოძრაობა და ესკალატორების მუშაობა შეჩერდა. შეფერხდა ტრამვაიებისა და ტროლეიბუსების მოძრაობაც. მეტროს მუშაობა მოგვიანებით აღდგა, თუმცა მატარებლები გაზრდილი ინტერვალებით მოძრაობდნენ. ქალაქში წარმოიქმნა საცობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან მგზავრთა რიგები. ენერგეტიკოსებმა დაზიანებული ქსელის აღდგენა დაიწყეს.

ხელისუფლებამ მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა. ეს არ ყოფილა კიევის ენერგოსისტემის სრული ჩამოშლა, თუმცა შეტევამ დედაქალაქის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სერიოზული შეფერხება გამოიწვია.

ორი დღე, ორი ქალაქი, 55 დაღუპული - და დედაქალაქი, სადაც ომის შედეგები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც სულ უფრო მძიმედ იგრძნობა. რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის ბავშვები, საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები არიან.