საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ექვს პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოიკვეთა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს - მეთადონსა და კლეფედრონს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულების ნაწილმა ნარკოტიკული საშუალებები შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით თბილისის სხვადასხვა ადგილზე განათავსა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
ექვსივე პირს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მუხლებით წარედგინა. დანაშაულები სასჯელის სახით **20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას** ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოტანილა. ბრალდებულები უდანაშაულოდ მიიჩნევიან, ვიდრე მათი ბრალეულობა კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდება.