თბილისი 7 ოქტომბრიდან სომხეთის კულტურის დღეებს უმასპინძლებს. ღონისძიებები სომხეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს მიეძღვნება და მუსიკალურ და საგამოფენო პროგრამებს გააერთიანებს.
კულტურის დღეები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის გალა-კონცერტით გაიხსნება. ორკესტრს ედუარდ თოფჩიანი უდირიჟორებს.
საკონცერტო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება სომხური, ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები. შესრულდება ზაქარია ფალიაშვილის, ანტონინ დვორჟაკისა და არამ ხაჩატურიანის კომპოზიციები. საღამოს სოლისტი ცნობილი ვიოლონჩელისტი ნარეკ ჰახნაზარიანი იქნება.
ღონისძიებების ფარგლებში ასევე მოეწყობა სომეხი მხატვრის, ერვანდ ქოჩარის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 7 ოქტომბერს გაიხსნება და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.
კულტურული პროგრამა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება.