პარიზი ამ შემოდგომაზე მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა. საფრანგეთის დედაქალაქის ცნობილ მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებში ათობით მნიშვნელოვანი გამოფენა იმართება, სადაც წარმოდგენილია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.
2026 წლის შემოდგომის კულტურულ პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კლოდ მონეს, პოლ სეზანის, ენდი უორჰოლისა და სხვა ცნობილი მხატვრების შემოქმედებას.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა Grand Palais-ში მიმდინარეობს. ექსპოზიცია „სეზანი და ჩვენ“ დაახლოებით 180 ნამუშევარს აერთიანებს და აჩვენებს, რა გავლენა მოახდინა პოლ სეზანმა სხვადასხვა თაობის ხელოვანებზე. გამოფენა 2027 წლის 17 იანვრამდე გაგრძელდება.
ორშეს მუზეუმში ამერიკელი იმპრესიონისტის, მერი კასატის შემოქმედებას ეძღვნება გამოფენა, ხოლო ორანჟერის მუზეუმში კლოდ მონეს ნამუშევრებია წარმოდგენილი. მონესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მხატვრის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს უკავშირდება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს Louis Vuitton-ის ფონდის გამოფენაც, რომელიც კოლექციონერ და მხატვარ გუსტავ ფაიეს ეძღვნება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ ვან გოგის, გოგენის, დეგას, სეზანისა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები.
პარალელურად, ლუქსემბურგის მუზეუმში ენდი უორჰოლის 150-ზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი, ხოლო მაიოლის მუზეუმში მოდის მოყვარულებს ჯანი ვერსაჩეს შემოქმედების გაცნობა შეუძლიათ.
პარიზის საშემოდგომო კულტურული სეზონი ნოემბერშიც გაგრძელდება და დამთვალიერებლებს ახალ გამოფენებსა და თანამედროვე ხელოვნების პროექტებს შესთავაზებს.