ვაჟთა ფოლკლორულმა გუნდმა „მძლევარმა“ პოლონეთში გამართულ 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე წარმატებით იასპარეზა და სამი ჯილდო მოიპოვა.
ფესტივალი „Gaude Cantem“ 15-18 ოქტომბერს გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 28 გუნდი მონაწილეობდა.
ქართული გუნდი კამერული გუნდების კატეგორიაში პირველი ადგილისა და ოქროს დიპლომის მფლობელი გახდა. „მძლევარმა“ ოქროს დიპლომი ერთგვაროვანი გუნდების კატეგორიაშიც მიიღო, ხოლო ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის სპეციალური პრიზითა და დიპლომით დაჯილდოვდა.
გუნდს კახა ონაშვილი ხელმძღვანელობს. გავრცელებული ინფორმაციით, „მძლევარი“ პოლონეთში სოლო კონცერტსაც გამართავს, თბილისში კი 22 ოქტომბერს დაბრუნდება.