ბერლინში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა, სადაც გერმანელ სტუმრებს რვა სახეობის ქართული ღვინო გააცნეს. ღონისძიების მიზანი გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა იყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას გერმანელი სომელიეები ვილი შლეგლი და იოჰანეს შელჰორნი ქართველ მეღვინეებთან, იაგო ბიტარიშვილსა და მიხეილ ჭონიშვილთან ერთად უძღვებოდნენ. სტუმრებმა „იაგოს მეღვინეობისა“ და „ჭონას მარნის“ ღვინოებიც დააგემოვნეს.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია დეგუსტაციით არ დასრულდება. ვილი შლეგლი ერთი კვირის განმავლობაში საკუთარ ბარში ქართული ღვინის სამ სახეობას რეგულარულ მენიუში დაამატებს.
ღვინის ეროვნული სააგენტო გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგულ კომპანია ff.k Public Relations-თან 2021 წლიდან თანამშრომლობს.

სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან გერმანიაში დაახლოებით 1,14 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია.
პარალელურად, საქართველოში ღვინის იმპორტიც იზრდება. საქსტატის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 4,9 მილიონი დოლარის ღირებულების, 1,02 მილიონი ლიტრი ღვინო შემოვიდა. იმპორტის ღირებულება წლიურად 32,8%-ით, მოცულობა კი 28,8%-ით გაიზარდა.