სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი დელეგაციასთან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტი საქართველოში მიმდინარე სომხეთის კულტურის დღეებს უკავშირდება, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავს ეძღვნება.
დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა. თბილისში გაიმართება სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი, ასევე ცნობილი სომეხი მხატვრისა და მოქანდაკის ერვანდ ქოჩარის ნამუშევრების გამოფენა.
კულტურის დღეების ფარგლებში სომხეთის დელეგაცია რამდენიმე ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. მთავარი საკითხები საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის განვითარება იქნება.
დღეს, 7 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სომხეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტია დაგეგმილი.
ხვალ, 8 ოქტომბერს კი ეროვნულ გალერეაში გაიხსნება რეტროსპექტიული გამოფენა - „ქოჩარი - მრავალგანზომილებიანი გენიოსი (თბილისი–პარიზი–ერევანი)“. გამოფენა დამთვალიერებელს 8 ნოემბრამდე უმასპინძლებს.