პოლონეთში დონალდ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობის შესაძლო მომზადების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე თავდასხმის შესაძლო მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ 11 ოქტომბერს თავად დონალდ ტუსკმა განაცხადა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მიიღეს სარწმუნო ცნობები მაღალი თანამდებობის პირებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, რის შემდეგაც უსაფრთხოების სამსახურებმა საგანგებო ღონისძიებები დაიწყეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პოლონეთის მოქალაქეა, დაახლოებით 60 წლის მამაკაცი, რომელიც ქვემო სილეზიის რეგიონში დააკავეს. სამართალდამცავებმა მისი იდენტიფიცირება ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის დეტალური ანალიზის შედეგად შეძლეს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაკავება დაადასტურა და პოლიციას სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
მანამდე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა სპეციალური თათბირი გამართეს, რომელშიც სამართალდამცავი უწყებებისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სპეციალური სამსახურების კოორდინატორის პრესსპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ განაცხადა, რომ მიღებული ინფორმაცია უკიდურესად სერიოზულად შეფასდა. მისი განმარტებით, არსებობდა მაღალი ალბათობა, რომ მუქარა რეალურად განხორციელებულიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, კაროლინა გალეცკას ინფორმაციით, შესაძლო თავდასხმის შესახებ ცნობები სამართალდამცავებს ელექტრონული წერილის საშუალებით მიეწოდათ. ინფორმაცია თავდაპირველად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მიიღო, რომელიც ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ მის საცხოვრებელ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა.
პოლონეთის ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია ინფორმაცია სავარაუდო თავდასხმის კონკრეტული გეგმის, მოტივისა და შესაძლო თანამონაწილეების შესახებ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.