დიმიტრი პუშკარევი, რომელიც რუსეთში ნიძებნებოდა ნარკოდანაშაულისა და დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის ბრალდებით და რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველომ ექსტრადიციის წესით გადასცა რუსეთს, გაქცევის მცდელობისას მოკლეს. 

რუსული მედია თავდაპირველად იტყობინებოდა, რომ სპეციალურ ვაგონში რამდენიმე პატიმრის მონაწილეობით ბუნტი მოხდა და მათ მძევლები აიყვანეს. სასჯელაღსრულების სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ თავდასხმა მხოლოდ ერთმა პატიმარმა განახორციელა.

ოფიციალური ვერსიით, პუშკარევი პატიმართა გადასაყვან სპეციალურ ვაგონში ბადრაგს თავს დაესხა, მისი სამსახურებრივი იარაღი ჩაიგდო ხელში და გაქცევა სცადა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, მან ბადრაგის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - ერთი თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ სამი კი დაიჭრა.

რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, პუშკარევი თავდასხმის შემდეგ „გაანეიტრალეს“.

შემთხვევა 2 ოქტომბერს, კაბარდო-ბალყარეთში, მურტაზოვოს სადგურის რაიონში მოხდა. პუშკარევი სხვა პატიმრებთან ერთად მატარებლით ვლადიკავკაზიდან ადლერის მიმართულებით გადაჰყავდათ.