ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებლები დაასანქცირა - ერთ-ერთი თბილისში დაბადებული ბიზნესმენი, ალექსანდრე ჩაჩავაა | ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ჩაჩავა ვენჩურული ფონდ LETA Capital-ის დამფუძნებელი და IT-კომპანია O32-ის თანადამფუძნებელია. ჩაჩავას კუთვნილი კომპანიები Yandex-ის ინვესტორები არიან. სანქციების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ჩაჩავას კუთვნილმა კომპანიებმა სააქციო საზოგადოება O23-ზე კონტროლი დაკარგეს.
ეს სააქციო საზოგადოება ონლაინპლატფორმა Ozon-ის 34.95%-იან წილს ფლობდა. Ozon-ის ცნობით, ჩაჩავა ამ კომპანიის აქციონერი 2025 წლის ზაფხულიდან იყო. ამას გარდა, ჩაჩავა ვიდეოთამაშების შემქმნელ და გამომცემელ კომპანია My.Games-საც ფლობდა, თუმცა მის მენეჯმენტისთვის მიყიდვაზე შეთანხმდა. ალექსანდრე ჩაჩავა 14 წლის ასაკში ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ტექნიკური განათლება მიიღო და კარიერა IT სფეროში აიწყო.
სანქცირებულთა შორისაა რუსეთის უმდიდრესი ქალი, Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა კიმი. ევროკავშირის დასაბუთების თანახმად, Wildberries ფუნქციონირებს, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგების ქსელი და ხელს უწყობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის რეალიზაციას. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას ჩამოყალიბებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთის სახელმწიფო ბანკ VTB-სთან, რომელიც უკვე იმყოფება ევროკავშირის სანქციების ქვეშ.