საქართველოში Yandex Taxi-ის მომხმარებლები აპლიკაციის მუშაობის შესაძლო ხარვეზებსა და საბანკო ბარათებიდან თანხის არასწორად ჩამოჭრაზე საუბრობენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებების მიხედვით, ზოგიერთ მგზავრს მომსახურების ღირებულებაზე მეტი თანხა ჩამოეჭრა, ნაწილს კი თანხა იმ შემთხვევაშიც დაექვითა, როდესაც მგზავრობა საერთოდ არ განხორციელებულა.
ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადებით, მგზავრობის ღირებულება 17 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა დასრულების შემდეგ ბარათიდან 26 ლარი ჩამოეჭრა. მოქალაქე ასევე აცხადებს, რომ დახმარების სამსახურთან დაკავშირება ვერ შეძლო.
მსგავს პრობლემებზე სხვა მომხმარებლებიც საუბრობენ. მათი მტკიცებით, ცალკეულ შემთხვევებში ბარათებიდან 13 ლარი ჩამოიჭრა ისე, რომ ავტომობილი დანიშნულების ადგილზე საერთოდ არ მისულა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კომენტარებში მოქალაქეები ნაღდი ანგარიშსწორების დროს თანხის არასწორად დარიცხვის შემთხვევებსაც აღწერენ.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს აპლიკაციის შეფერხება რუსეთში Yandex-ის ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება. აღნიშნული ვერსია ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ მომხმარებელს შეეხო შესაძლო ტექნიკური ხარვეზი და მიმდინარეობს თუ არა არასწორად ჩამოჭრილი თანხების დაბრუნება.