ჰაკერებმა, რომლებმაც რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის („როსსტატი“) სისტემების გატეხვის შესახებ განაცხადეს, გამოაქვეყნეს მონაცემები უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს დაღუპულთა სავარაუდო რაოდენობის შესახებ.

ბელარუსული ჰაკერული ჯგუფის, „კიბერპარტიზანების“ გამოთვლებით, 2022 წლიდან 2026 წლის 27 აგვისტომდე რუსეთის მხარეს სულ მცირე 393 881 ადამიანი დაიღუპა.

ჰაკერების მტკიცებით, გამოთვლები „როსსტატის“ მონაცემთა ბაზიდან მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება.

„კიბერპარტიზანებმა“ გაითვალისწინეს მხოლოდ ის გარდაცვლილები, რომელთა სიკვდილის მიზეზად ოფიციალურ ჩანაწერებში პირდაპირ იყო მითითებული სამხედრო ან საბრძოლო მოქმედებები.

კერძოდ, მათ შეისწავლეს გარდაცვალების რეგისტრაციის აქტები, რომლებშიც მითითებული იყო დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის შემდეგი კოდები:

Y36 - სამხედრო მოქმედებები;
Y89.1 - სამხედრო მოქმედებების შედეგები;
გარდაცვალების მიზეზის სიტყვიერი აღწერა, რომელიც სამხედრო ან საბრძოლო მოქმედებებს უკავშირდება, თუმცა შესაბამისი კოდი მითითებული არ არის.

განსხვავებული მონაცემები გამოაქვეყნა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Silent Crow-მ. მისი შეფასებით, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ ომში 450 100 რუსი დაიღუპა.

ორ შეფასებას შორის განსხვავება დათვლის განსხვავებული მეთოდოლოგიით აიხსნება.

Silent Crow-მ სამხედრო მოქმედებების შესაბამისი კოდებით რეგისტრირებული გარდაცვალების შემთხვევების გარდა, სხვა კატეგორიებიც გაითვალისწინა.
მათ შორისაა ჩანაწერები ფორმულირებით „სამხედრო მოქმედებების დროს“, ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებული გარდაცვალებები, სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა საბრძოლო მოქმედებების მიღმა, აგრეთვე შემთხვევები, როდესაც ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთში გარდაიცვალნენ, მაგრამ სიკვდილის მიზეზი დადგენილი ან მითითებული არ იყო.
ჯგუფმა გამოთვლებში ის აქტებიც შეიტანა, რომლებშიც გარდაცვალების მიზეზი საერთოდ არ ფიქსირდებოდა.

Silent Crow-მ საკუთარი მეთოდოლოგია სპეციალურ ვებგვერდზე - rosstat-leaks.com - გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს Silent Crow-მ და ბელარუსულმა „კიბერპარტიზანებმა“ განაცხადეს, რომ ერთობლივი კიბეროპერაციის შედეგად რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის შიდა IT-ქსელი გატეხეს და მისი ნაწილი გაანადგურეს.
ჰაკერების მტკიცებით, ოპერაციამ მოიცვა „როსსტატის“ ცენტრალური აპარატი, რეგიონული განყოფილებები და სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისა და გავრცელების მთავარი რეგიონთაშორისი ცენტრი.

Silent Crow-ს განცხადებით, მათ მოიპოვეს რუსეთის სამხედრო დანაკარგების შესახებ მონაცემები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ინფორმაცია, სტატისტიკური, ეკონომიკური და პერსონალური მონაცემთა ბაზები, მოსახლეობის აღწერის მასალები, შიდა დოკუმენტები, სამსახურებრივი მიმოწერა და თანამშრომელთა სამუშაო კომპიუტერებში დაცული ინფორმაცია.

წყარო: „Зеркало“, 7 ნოემბერი, 2026 წელი.