თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს №13ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში გზის სავალი ნაწილის ერთი სამოძრაო ზოლი გადაიკეტება.
შეზღუდვა უკავშირდება მდინარე მტკვრის სანაპიროს გამაგრების სამუშაოებს, რომელთა მიზანი დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გადაადგილების უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კონსტრუქციების მოწყობა, არსებული მოაჯირების განახლება და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.
თბილისის მერია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.