შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები არასრულწლოვანს ყოველდღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს გეგმა, რომელშიც ერთ-ერთი ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ბავშვს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ. შეგროვებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ. თუ არასრულწლოვანი დღეში 100 ლარს ვერ შეაგროვებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები მოიპოვეს.

ამჟამად არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრში იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143² მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.