ესპანეთში 87 წლის მარია დელ კარმენ აბასკალის გარდაცვალებას საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა მოჰყვა. ქალი, რომელსაც საზოგადოება მარიაკარმენის სახელით იცნობდა, 7 ოქტომბერს მადრიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სახლიდან იძულებითი გამოსახლებიდან ორი კვირის შემდეგ.

მარიაკარმენი მადრიდის ერთ-ერთ ბინაში 70 წელზე მეტხანს ცხოვრობდა. მას საცხოვრებლის დატოვება 23 სექტემბერს მოუწია, მას შემდეგ, რაც შენობა საინვესტიციო ფონდმა შეიძინა. გამოსახლების კადრებმა, რომლებშიც ქალი საკაცით გაჰყავდათ, ესპანეთში დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება გამოიწვია.

მოგვიანებით, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე, ბინის მფლობელი დათანხმდა, რომ ქალს საცხოვრებელში დაბრუნება ძველი საიჯარო პირობებით შეძლებოდა. თუმცა მარიაკარმენი საავადმყოფოდან გამოსვლამდე გარდაიცვალა და შეთანხმების გაფორმება ვერ მოასწრო.

მისი გარდაცვალების შემდეგ ათასობით ადამიანი მადრიდის ქუჩებში გამოვიდა. დემონსტრანტებმა საპროტესტო მსვლელობა პუერტა-დელ-სოლის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით გამართეს. მოქალაქეები საცხოვრებლის გაძვირებას, იძულებით გამოსახლებებსა და ბინების ხელმისაწვდომობის პრობლემას აპროტესტებენ.

8 ოქტომბერს საპროტესტო შეკრებები ესპანეთის სხვა ქალაქებშიც გაგრძელდა. მადრიდში დაგეგმილია მსვლელობა იმ სახლამდე, სადაც მარიაკარმენი ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა.

საცხოვრებლის კრიზისის გამო ესპანეთის პროფკავშირებმა 11 ნოემბრისთვის საყოველთაო გაფიცვაც დააანონსეს.

87 წლის ქალის ისტორია ქვეყანაში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამოსვლებს გააგრძელებენ, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.