ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. მუსაევი იმ ადამიანებს შორისაა, რომლებმაც Flydubai-ს თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის დროს 174 მგზავრის გადარჩენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ თვითმფრინავში საგანგებო ვითარება შეიქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტი დანით დაჭრა, რის შემდეგაც ბორტზე მყოფებს ჩარევა მოუწიათ.

შოთა მუსაევი სხვა მგზავრებს თავდამსხმელის შეკავებაში დაეხმარა, შემდეგ კი მძიმედ დაშავებულ კაპიტანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მან კაპიტანს ძლიერი სისხლდენა შეუჩერა და თვითმფრინავის დაშვებამდე მის მდგომარეობას აკონტროლებდა.

თვითმფრინავმა თავდაპირველად საგანგებო კოდი „7700“, მოგვიანებით კი „7500“ გადასცა, რაც უკანონო ჩარევაზე მიუთითებს. საბოლოოდ ბორტი საუდის არაბეთში, ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა. დაშავებული კაპიტანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაჯილდოების ცერემონიაზე ისრაელის პრეზიდენტმა შოთა მუსაევის ქართულ წარმომავლობაზეც ისაუბრა და შოთა რუსთაველი გაიხსენა. ჰერცოგის თქმით, სახელი შოთა ქართულ საზოგადოებაში სწორედ დიდ პოეტთან ასოცირდება, რომლის შემოქმედებასაც თავადაც კარგად იცნობს.

სამოქალაქო გმირობისთვის ჯილდო მუსაევთან ერთად კიდევ ხუთ ადამიანს გადაეცა.