აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოში ქიმიური ნივთიერების რეზერვუარის დაზიანებას მასშტაბური ევაკუაცია მოჰყვა. საშიში ნივთიერების ჰაერში გავრცელების გამო საცხოვრებელი სახლების დატოვება დაახლოებით ათას ადამიანს მოუწია, ათიათასობით მოქალაქეს კი შენობებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
შემთხვევა 20 ოქტომბრის საღამოს, კომპანია MC Tank Transport-ის ტერიტორიაზე მოხდა. დაზიანდა დაახლოებით 5 500 გალონის მოცულობის რეზერვუარი, რომელშიც გლიციდილმეთაკრილატი ინახებოდა. აღნიშნული ნივთიერება პლასტმასის, საღებავებისა და სპეციალური საფარების წარმოებაში გამოიყენება.
რეზერვუარიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შემდეგ ცაში თეთრი ღრუბელი წარმოიქმნა. ხელისუფლება შესაძლო აფეთქებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის გამო საგანგებო ზომებზე გადავიდა.
თავდაპირველად ევაკუაცია ობიექტიდან დაახლოებით 1,6 კილომეტრის რადიუსში გამოცხადდა. მოგვიანებით კი 4,8 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას შენობებში დარჩენა დაევალა. შეზღუდვები დაახლოებით 50 ათას ადამიანს შეეხო.
21 ოქტომბრის საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 60 ადამიანს ქიმიურ ნივთიერებასთან შესაძლო კონტაქტის შედეგად გამოვლენილი სიმპტომების გამო სამედიცინო დახმარება გაეწია.
ოჰაიოს გარემოს დაცვის სააგენტოს განცხადებით, ნივთიერების გაჟონვა მისი გადატანის პროცესში დაშვებულ შეცდომას უკავშირდებოდა.
ინციდენტის გამო ქალაქში რამდენიმე სკოლა და დაწესებულება დროებით დაიხურა. ადგილზე მუშაობდნენ მეხანძრეები, საგანგებო სიტუაციების სამსახურები და გარემოს დაცვის სპეციალისტები.
ბოლო ინფორმაციით, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ხელისუფლებამ შენობებში დარჩენის ფართომასშტაბიანი მოთხოვნა გააუქმა, ხოლო ევაკუაციის ზონა შეამცირა. შემთხვევის შედეგების შეფასება და ჰაერის ხარისხის მონიტორინგი გაგრძელდა.