ამერიკის შეერთებულ შტატებში, თითქმის 30 წლის შემდეგ, ცნობილი რეპერის, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ლას-ვეგასის სასამართლომ კრიმინალური დაჯგუფების ყოფილ ლიდერს, 63 წლის დუეინ დევისს, მეტსახელად „Keffe D“, მინიმუმ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დევისი დამნაშავედ 2026 წლის აგვისტოში ცნეს. გამოძიების თანახმად, სწორედ მან დაგეგმა 1996 წლის სექტემბერში მომხდარი თავდასხმა, რომელსაც 25 წლის მუსიკოსი ემსხვერპლა.

საქმის გახსნაში გადამწყვეტი როლი თავად დევისის საჯარო განცხადებებმა ითამაშა. წლების განმავლობაში ის ინტერვიუებსა და საკუთარ მემუარებში მკვლელობის გარემოებებზე საუბრობდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებად იქცა.

თუფაქ შაკური 1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა და ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მკვლელობა მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გაუხსნელ საქმედ ითვლებოდა.

მიუხედავად გამამტყუნებელი განაჩენისა, უშუალოდ ვინ განახორციელა თავდასხმა, საბოლოოდ დადგენილი არ არის. დევისმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დააანონსა.