რაჭაში, ზღვის დონიდან 1 800 მეტრის სიმაღლეზე, მამისონის სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გაიხსნა. ობიექტი შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გახსნა.
ახალი სასაზღვრო სექტორის მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტში მონაწილეობდნენ აშშ-ის ევროპის სარდლობა (EUCOM), ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია (DEA) და რეგიონალური უსაფრთხოების ოფისი (RSO).
შენობა თანამედროვე ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. ინფრასტრუქტურა რეგიონის რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით მოეწყო, რაც მესაზღვრეებს სამუშაო პირობებს გაუუმჯობესებს და საზღვრის დაცვის ეფექტიანობას გაზრდის.
გახსნის ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი ესწრებოდნენ.
მინისტრმა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის, ხოლო ამერიკულ მხარეს პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.