თბილისში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს სომხეთის სამართალდამცავი ორგანოები ჯგუფური მკვლელობის, ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ეძებდნენ.

ძებნილი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს.

ამჟამად დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, რის საფუძველზეც მისი სომხეთისთვის გადაცემის საკითხი გადაწყდება.