სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უწყების განცხადებით, ჩაჩანიძე №6 დაწესებულებაში ყოფნისას სისტემატურად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს და თანამშრომლების მიმართ პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩეოდა.

პენიტენციური სამსახურის ვერსიით, 2 ოქტომბერს, 23:21 საათზე, მსჯავრდებულმა საკნის ფანჯრის მინა ჩაამტვრია და თავად მიიყენა დაზიანებები, რის შემდეგაც მას სამედიცინო დახმარება გაეწია.

უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეცა, ხოლო არსებული მასალები დაარქივდა და გამოძიებას მიეწოდა. მოგვიანებით ლაშა ჩაჩანიძე უსაფრთხოების ღონისძიებების გათვალისწინებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულს დაზიანებები დაწესებულების თანამშრომლებმა მიაყენეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

თავის მხრივ, ადვოკატი ანა აკოფოვა აცხადებს, რომ ლაშა ჩაჩანიძეს №6 დაწესებულებაში ბადრაგები ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც მან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა.

ადვოკატის თქმით, ის ჩაჩანიძეს 5 ოქტომბერს ბათუმის №3 დაწესებულებაში შეხვდა, სადაც მსჯავრდებულმა მომხდარის შესახებ უამბო.