ქარის ტურბინები ელექტროენერგიას ქარის დახმარებით გამოიმუშავებენ, მზის პანელები კი მზის სინათლეს იყენებენ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ქარი ჩერდება ან მზე ჩადის?

სწორედ აქ იწყება მწვანე ენერგეტიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტექნოლოგიის, ენერგიის შენახვის სისტემების როლი.

თანამედროვე ელექტროსადგურებში გამოიყენება უზარმაზარი ბატარეები, რომლებსაც ელექტროენერგიის დაგროვება შეუძლიათ. როდესაც მზის პანელები ან ქარის ტურბინები იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ, ვიდრე იმ მომენტში საჭიროა, ჭარბი ენერგიის ნაწილი ბატარეებში ინახება.

მოგვიანებით, როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავება მცირდება ან მოთხოვნა იზრდება, დაგროვებული ენერგია ისევ ელექტროქსელს მიეწოდება.

თუმცა ბატარეები ერთადერთი გამოსავალი არ არის. არსებობს ჰიდროაკუმულაციური ელექტროსადგურებიც, რომლებიც ჭარბი ენერგიით წყალს მაღლა მდებარე რეზერვუარში ტუმბავენ, საჭიროების დროს კი წყალს ტურბინებში ატარებენ და ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

საინტერესოა, რომ მწვანე ენერგიის შენახვა 100%-იანი ეფექტიანობით არ ხდება. ენერგიის ნაწილი გარდაქმნის პროცესში იკარგება. ამასთან, ბატარეების უმეტესობა რამდენიმე საათით ენერგომომარაგებისთვის გამოიყენება და ხანგრძლივი უქარო პერიოდის სრულად დაფარვა ყოველთვის არ შეუძლია.

სწორედ ამიტომ მომავლის ენერგოსისტემა მხოლოდ მზის პანელებსა და ქარის ტურბინებს არ დაეყრდნობა. მას დასჭირდება ბატარეები, ჰიდროელექტროსადგურები, გამართული ელექტროქსელი და ენერგიის მოხმარების ჭკვიანი მართვა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, ასეთი ტექნოლოგიების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მზისა და ქარის ენერგიის წილი უსაფრთხოდ გაიზარდოს.

მწვანე ენერგეტიკის მომავალი მხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავება კი არა, მისი სწორ დროს შენახვა და გამოყენებაც არის.