საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით აქტივობა იზრდება. 2026 წელს დაწყებული და მიმდინარე პროექტები აჩვენებს, რომ ჰიდროენერგეტიკის პარალელურად ქვეყნის ენერგოსისტემაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქარისა და მზის ენერგიას.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისში განხორციელებული 206-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურია, რომელიც უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს. სადგური 33 ქარის ტურბინას მოიცავს. პროექტის საერთო ინვესტიცია 240 მილიონ დოლარს აღემატება, ხოლო EBRD-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 119 მილიონ დოლარს შეადგენს.
ახალი სადგურის სრულად ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე საქართველოს ენერგოსისტემაში მოქმედი ორი ქარის ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 40 მეგავატი იყო. შესაბამისად, მხოლოდ რუისის პროექტი ქვეყნის ქარის გენერაციის შესაძლებლობას რამდენჯერმე ზრდის.
მზის ენერგეტიკაშიც ახალი პროექტები ჩნდება - ქარის ენერგიის პარალელურად იზრდება ინტერესი მზის ელექტროსადგურების მიმართაც. „ჯეოსთილი“ ორი ახალი მზის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 57.5 მეგავატი იქნება - ერთი პროექტი 50-მეგავატიან, მეორე კი 7.5-მეგავატიან სადგურს ითვალისწინებს.
კომპანიას უკვე დამონტაჟებული აქვს 11.2 მეგავატის მზის პანელები, რომლებიც მისი საწარმოო ხაზების ელექტროენერგიის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. ახალი პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და განხორციელების ხელშეკრულებები მთავრობამ უკვე მოიწონა.
მზის პანელებისა და ქარის ტურბინების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა განახლებადი ენერგიის სექტორში მიმდინარე პროცესები იმპორტის მონაცემებშიც ჩანს.
2026 წლის მხოლოდ იანვარ-თებერვალში საქართველოში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების იმპორტმა დაახლოებით 50 მილიონ დოლარს მიაღწია.
მზის პანელების იმპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12-ჯერ გაიზარდა და 30 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო ქარის ტურბინა-გენერატორების იმპორტი 4.5-ჯერ გაიზარდა და 20 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მონაცემები განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან მხოლოდ 2026 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში შემოტანილი მზის პანელების ღირებულებამ უკვე გადააჭარბა მთლიანად 2025 წლის მაჩვენებელს, რომელიც 24 მილიონ დოლარს შეადგენდა.
300 მეგავატზე მეტი ახალი განახლებადი სიმძლავრე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2026 წლის განმავლობაში ქვეყნის ენერგოსისტემას 300 მეგავატზე მეტი ახალი განახლებადი სიმძლავრე უნდა შეემატოს. მინისტრის განცხადებითვე, 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარისა და სამი მზის პროექტის დასრულებაა დაგეგმილი.
გეგმები 2027 წელსაც გაგრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციით 12 ელექტროსადგურის პროექტის ექსპლუატაციაში შესვლაა დაგეგმილი, რომელთა საერთო სიმძლავრე 70 მეგავატს გადააჭარბებს.
ენერგიის შენახვა ახალი გამოწვევაა - მზისა და ქარის ელექტროსადგურების რაოდენობის ზრდასთან ერთად ენერგოსისტემისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გამომუშავებული ელექტროენერგიის დაბალანსება და შენახვა. ამ მიმართულებით დაგეგმილია 250 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის განვითარებაც. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერას უკავშირდება და მისი მიზანია ელექტროსისტემის მდგრადობისა და განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობების გაზრდა.
ენერგეტიკული პოტენციალის ათვისება - საქართველო ტრადიციულად ჰიდროენერგეტიკულ რესურსებზე იყო დამოკიდებული, თუმცა მიმდინარე პროექტები აჩვენებს, რომ ენერგეტიკული სექტორი თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება.
206-მეგავატიანი ქარის სადგურის ამოქმედება, ახალი მზის ელექტროსადგურების მშენებლობა, ტექნოლოგიების იმპორტის მკვეთრი ზრდა და ენერგიის შენახვის ინფრასტრუქტურის განვითარება ქმნის შესაძლებლობას, რომ მომავალ წლებში საქართველოს ელექტროენერგიის წარმოებაში მზისა და ქარის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
ამ პროცესის საბოლოო ეფექტი დამოკიდებული იქნება პროექტების დროულ განხორციელებაზე, ქსელის შესაძლებლობებზე, გარემოსდაცვით მოთხოვნებზე და ახალი გენერაციის ენერგოსისტემაში ეფექტიან ინტეგრაციაზე.